
ბიოგრაფია
გიორგი ზულიაშვილი, ქართველი მხატვარი და ხის ოსტატი, დაიბადა 1947 წლის 30 მაისს, სოფელ მანავში. მან განათლება მიიღო თბილისში, პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. გიორგიმ ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოავლინა. ხატავდა ფანქრით, აკვარელით, გუაშებით და ზეთის საღებავებით. მოგვიანებით დაინტერესდა ლითონზე ჭედვით, ბოლოს კი ხეზე კვეთამ გაიტაცა, რომელსაც დღემდე აგრძელებს. მან წლების განმავლობაში თანდაყოლილი ნიჭი გამოწრთო და ჩამოყალიბდა თვითნასწავლ ოსტატად. გიორგი ზულიაშვილის შთაგონების მთავარი წყარო ქართული ხალხური პოეზია, ფოლკლორი და ორნამენტებია. მათ მიხედვით შექმნილ ესკიზებს კი მხატვარი ხეზე აცოცხლებს.
1993 წლიდან გიორგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა და გამოფენებში, მათ შორის პერსონალურ გამოფენებშიც. მისი ნამუშევრები შესულია საქართველოს რესპუბლიკის თვითნასწავლ მხატვართა კატალოგში. გიორგი ზულიაშვილის შემოქმედება არაერთხელ გაშუქდა ტელევიზიასა და პრესაში. მას მიღებული აქვს მრავალი სიგელი, არის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი. 1999 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის ხალხური შემოქმედების კომისიისგან მინიჭებული აქვს მხატვართა კავშირის ხალხური ოსტატის წოდება და არის მხატვართა კავშირის წევრი.